2018 წლის 4 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ განხცადებით მომართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის მიმართ უზენაესი სასამართლოს მხრიდან სამოქალქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის არასწორი ინტერპრეტაციის ფაქტზე რეაგირებისათვის, რითაც შეილახა კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვის უპირატესობის და ადვოკატის მიერ თავისი ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების პრინციპები.
განცხადებიდან ირკევევა, რომ კონკრეტული სამოქალაქო საქმის განხილვისას, მხარეთა შორის მორიგების მიზნებისათვის, სასამართლო დაეყრდნო რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლს, სხდომაზე გამოაცხადა შესვენება და დარბაზი გაათავისუფლა დამსწრე პირებისაგან. განმხილველი კოლგიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხდომათა დარბაზი ასევე დაატოვებინეს ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილს, მაშინ როცა დარბაზში დარჩნენ მოწინააღმდეგე მხარეების წარმომადგენელი და ადვოკატი.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულების და სასამართლო რეფორმების კომიტეტს მიაჩნია:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაცვის უფლება გარანტირებულია, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. აგრეთვე, „ადვოკატთა შესახებ“კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა და ასევე კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში.
ადვოკატთა როლის შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპების თანახმად, „კლიენტის წინაშე ადვოკატთა მოვალეობაა: (i) დაეხმაროს კლიენტს ყველა შესაძლო ფორმით და მიიღოს ყველა ზომა მისი ინტერესების დასაცავად; (ii) დაეხმაროს კლიენტს სასამართლოს, ტრიბუნალისა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე”. ადვოკატებმა, მათი კლიენტების უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ინეტერესების ხელშეწყობისას, უნდა განამტკიცოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი სამართლით აღიარებული ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები და ყოველთვის უნდა იმოქმედონ თავისუფლად, კანონის, პროფესიული მოვალეობების, ეთიკის წესების შესაბამისად და ყოველთვის პატივი უნდა სცენ თავიანთი კლიენტის ინეტრესებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატს სრული უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო დავაზე მორიგების საკითხების განხილვაში და მას სასამართლოს მხრიდან დაუსაბუთებლად შეეზღუდა კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვის შესაძლებლობა, რითაც დაირღვია ადვოკატის პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლება და კლიენტი სამართალწარმოებაში დარჩა მის მიერ შერჩეული სანდო იურიდიული მრჩევლის გარეშე.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულების და სასამართლო რეფორმების კომიტეტი მოუწოდებს შესაბამის ინსტიტუციებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობების საკითხს, რათა არ მოხდეს მხარისა და მათი ადვოკატის კომუნიკაციის წესების ისეთი ინტეპრეტაცია, რაც არ შეესაბამება ადვოკატის როლს დემოკრატიული საზოგადოებაში და ეწინააღმდეგება ხარისხიანი მართლმსაჯულების ადმინისტრირების ინტერესებს.